კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 18 ნოემბერი

სარჩევი

ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს ShopDesk პერსონალურ მონაცემებს, როცა სარგებლობთ ვებგვერდით shopdesk.ge, ქმნით ანგარიშს, ქმნით და მართავთ მაღაზიას ან გვიკავშირდებით. მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ShopDesk-ზე შექმნილი მაღაზიების მყიდველების მონაცემებზე იხილეთ ნაწილი „მაღაზიების მყიდველები“.

01ვინ ამუშავებს მონაცემებს

თქვენი მონაცემების დამმუშავებელია ShopDesk; საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ამ პოლიტიკის ბოლოს. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით ან მოთხოვნით მოგვწერეთ ელფოსტაზე support@shopdesk.ge.

02რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიში: ელფოსტის მისამართი; Google-ით შესვლისას — Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი, სახელი და ინფორმაცია, დადასტურებულია თუ არა ელფოსტა. Google-ის პაროლს და სხვა მონაცემებს ვერ ვხედავთ.
  • შესვლა: ერთჯერადი კოდი და ბმული (ვინახავთ მხოლოდ ჰეშის სახით; მოქმედებს 15 წუთი), მოთხოვნის დრო და IP მისამართის ჰეში — შესვლის მცდელობების შესაზღუდად. თავად IP მისამართს ამ მიზნით არ ვინახავთ.
  • ბიზნესი და მაღაზია: რასაც მაღაზიის შესაქმნელად და სამართავად გვაწვდით — ბიზნესის აღწერა, პროდუქტები და ფასები, ფოტოები და ლოგო, დიზაინის სურვილები, მაღაზიის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი, სამუშაო საათები), მიწოდებისა და გადახდის პირობები. ატვირთული ფოტოებიდან შენახვამდე ვშლით მეტამონაცემებს — მაგ. გადაღების ადგილსა და მოწყობილობის მონაცემებს.
  • AI-თან მიმოწერა: ონბორდინგის ჩატისა და AI ასისტენტისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, ატვირთული სურათები და ეკრანის ანაბეჭდები, ასევე AI-ის პასუხები.
  • გადახდა: არჩეული გეგმა, თანხა, გადახდის სტატუსი და თარიღი, შეკვეთის კოდი და გამოყენებული პრომო კოდი. გადახდის პროვაიდერისგან ვიღებთ გადახდის შედეგს და მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას — მაგ. ბარათის ნიღბიან ნომერს (მხოლოდ რამდენიმე ციფრით), გადამხდელის ელფოსტას, ტელეფონს და IP მისამართს. ბარათის სრულ ნომერსა და CVV კოდს ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპი, მოთხოვნილი გვერდები, დრო და ვებგვერდი, საიდანაც გადმოხვედით, ასევე შეცდომებისა და უსაფრთხოების ჩანაწერები.
  • კომუნიკაცია: წერილები, რომლებსაც გვიგზავნით, და ჩვენი პასუხები.

მონაცემების უმეტესობას უშუალოდ თქვენგან ვიღებთ; ზოგიერთს — Google-ისგან (თუ მისი საშუალებით შედიხართ) და გადახდის პროვაიდერისგან. ანგარიშისთვის აუცილებელია მხოლოდ ელფოსტა; დანარჩენის მოწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა მის გარეშე მომსახურების ნაწილს ვერ მოგაწვდით — მაგალითად, მაღაზიას ვერ შევქმნით ბიზნესის აღწერის გარეშე.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მაგ. ჯანმრთელობის ან რელიგიური მრწამსის შესახებ) არ ვითხოვთ — გთხოვთ, ნუ გაგვიზიარებთ მათ ჩატში ან კონტენტში.

03რისთვის და რა საფუძვლით ვიყენებთ მონაცემებს

  • მომსახურების მიწოდება — ანგარიში და შესვლა, მაღაზიის, დიზაინისა და ტექსტების შექმნა, ჰოსტინგი, მართვის პანელი, AI ასისტენტი, მხარდაჭერა. საფუძველი: ხელშეკრულების (წესებისა და პირობების) შესრულება.
  • გადახდა და აღრიცხვა — გეგმის გააქტიურება, გადახდის დადასტურება, ფინანსური აღრიცხვა. საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება და კანონით დაკისრებული ვალდებულება.
  • უსაფრთხოება — შესვლის მცდელობების შეზღუდვა, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აღკვეთა, აკრძალული საქმიანობის შემოწმება, ხარვეზების გამოსწორება. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი — დავიცვათ მომსახურება, თქვენ და მყიდველები.
  • გაუმჯობესება — AI-ის მუშაობის ხარისხისა და ხარჯის ანალიზი, შეცდომების გამოსწორება, აგრეგირებული სტატისტიკა, მათ შორის ჩვენი საჯარო გვერდების ვიზიტების სტატისტიკა (იხ. ქუქი-ფაილები). საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი.
  • ჩვენი მომსახურების რეკლამა — Facebook-სა და Instagram-ზე ShopDesk-ის რეკლამის შედეგების გაზომვა და მისი ჩვენება მათთვის, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს (იხ. ქუქი-ფაილები). საფუძველი: ლეგიტიმური ინტერესი.
  • შეტყობინებები — შესვლის კოდები, ახალი შეკვეთები, გადახდები და მომსახურების ცვლილებები. საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება. სარეკლამო წერილებს გამოგიგზავნით მხოლოდ თქვენი თანხმობით, რომლის გამოხმობაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  • კანონის მოთხოვნები და დავები — სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, უფლებამოსილი ორგანოების კანონიერ მოთხოვნებზე პასუხი, ჩვენი უფლებების დაცვა. საფუძველი: კანონით დაკისრებული ვალდებულება და ლეგიტიმური ინტერესი.

თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და არ ვიყენებთ მესამე მხარის რეკლამისთვის.

04ხელოვნური ინტელექტი

მაღაზიის შესაქმნელად და სამართავად ვიყენებთ AI მოდელებს. ამისთვის თქვენი ბიზნესის აღწერა, ჩატის შეტყობინებები, ატვირთული სურათები და მაღაზიის მონაცემები (მათ შორის მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია) ეგზავნება AI პროვაიდერებს — იხ. „ვის ვუზიარებთ მონაცემებს“. პროვაიდერები მათ ამუშავებენ ჩვენთვის პასუხის დასაბრუნებლად, ბიზნეს-მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პირობებით.

თქვენს მონაცემებს AI მოდელების გასაწვრთნელად არ ვიყენებთ. AI-თან მიმოწერის სრულ ჩანაწერებს ვინახავთ შეზღუდული ვადით — ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების გამოსაძიებლად (იხ. „შენახვის ვადები“).

ავტომატური შემოწმება. მაღაზიის შექმნამდე AI ამოწმებს, ხომ არ ეკუთვნის ბიზნესი აკრძალულ კატეგორიას, ხოლო ატვირთული ლოგო — ნამდვილად ლოგოა თუ არა. თუ ასეთმა შემოწმებამ მომსახურება შეგიზღუდათ, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ გადაწყვეტილების ადამიანის მიერ გადახედვა და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება — მოგვწერეთ ელფოსტაზე support@shopdesk.ge.

05ვის ვუზიარებთ მონაცემებს

მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლებს (უფლებამოსილ პირებს), რომლებიც მომსახურების მიწოდებაში გვეხმარებიან, და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მათი ფუნქციისთვის არის საჭირო:

  • Contabo (ევროკავშირი) — სერვერები და მონაცემთა ბაზები, სადაც ინახება მონაცემები და სარეზერვო ასლები;
  • Anthropic (აშშ) — AI მოდელები: ტექსტების, დიზაინისა და ვებგვერდის კოდის შექმნა, AI ასისტენტი;
  • OpenRouter (აშშ) — ონბორდინგის ჩატის AI მოდელთან (Google Gemini) დაკავშირება;
  • OpenAI (აშშ), საჭიროების შემთხვევაში fal.ai (აშშ) — დიზაინის სურათების შექმნა, მათ შორის ატვირთული ლოგოსა და ფოტოების საფუძველზე;
  • Resend (აშშ) — ელფოსტის გაგზავნა: შესვლის კოდები და შეტყობინებები, მათ შორის ახალი შეკვეთის შეტყობინება მყიდველის სახელითა და ტელეფონით;
  • Google (აშშ) — Google-ით შესვლა; ჩვენი საჯარო გვერდების ვიზიტების სტატისტიკა (Google Analytics);
  • Meta (ირლანდია, აშშ) — Facebook-სა და Instagram-ზე ჩვენი რეკლამის შედეგების გაზომვა (Meta Pixel ჩვენს საჯარო გვერდებზე);
  • Flitt — ბარათით გადახდის დამუშავება; გადახდის ფორმა იტვირთება Flitt-ის სერვერიდან და შეიძლება შემოგთავაზოთ Google Pay ან Apple Pay;
  • Cloudflare (აშშ) — დომენის სახელების სისტემა (DNS) და ქსელის დაცვა;
  • ბანკები — საბანკო გადარიცხვების მიღება.

მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს, თუ ამას კანონი ან სასამართლოს გადაწყვეტილება მოითხოვს, ასევე ჩვენს იურიდიულ და ფინანსურ მრჩევლებს — კონფიდენციალურობის ვალდებულებით. ბიზნესის რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყიდვისას მონაცემები შეიძლება გადაეცეს უფლებამონაცვლეს, ამ პოლიტიკით გათვალისწინებული დაცვის შენარჩუნებით.

ჩვენი უფლებამოსილი თანამშრომლები მონაცემებზე წვდომას იღებენ მხოლოდ საჭიროებისას — მხარდაჭერის, უსაფრთხოების ან კანონის მოთხოვნების შესასრულებლად; ასეთი წვდომა აღირიცხება.

გამოქვეყნებული მაღაზიის ინფორმაცია — პროდუქტები, ფასები, ფოტოები და საკონტაქტო მონაცემები, რომლებსაც მაღაზიაზე მიუთითებთ — საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

06მონაცემების საზღვარგარეთ გადაცემა

ჩვენი სერვერები ევროკავშირშია განთავსებული. ზოგიერთი მიმწოდებელი (AI პროვაიდერები, ელფოსტის სერვისი, Google) მონაცემებს ამუშავებს აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში. მონაცემებს საზღვარგარეთ გადავცემთ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და გარანტიებით — მაგალითად, მონაცემთა დაცვის სათანადო სტანდარტის მქონე ქვეყანაში ან მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის გარანტიებით — და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მომსახურებისთვის აუცილებელია.

07შენახვის ვადები

  • ანგარიში, მაღაზია და ონბორდინგის მონაცემები — სანამ ანგარიში აქტიურია. გეგმის დასრულების შემდეგ მაღაზია ჩერდება, მონაცემები კი ინახება, რომ დაბრუნება შეძლოთ — არაუმეტეს 12 თვისა, რის შემდეგაც, წინასწარი შეტყობინებით, ვშლით მათ.
  • ანგარიშის დახურვის მოთხოვნისას — მონაცემებს ვშლით 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვასაც კანონი გვავალდებულებს.
  • AI-თან მიმოწერის სრული ჩანაწერები — 60 დღე; შემდეგ რჩება მხოლოდ ტექნიკური ინფორმაცია (მოდელი, მოცულობა, ღირებულება) შინაარსის გარეშე. ჩატის ისტორია, რომელსაც ონბორდინგსა და მართვის პანელში ხედავთ, ანგარიშთან ერთად ინახება.
  • შესვლის მოთხოვნების ჩანაწერები (ელფოსტა, IP მისამართის ჰეში) — არაუმეტეს 12 თვისა.
  • სერვერის ჟურნალები — მაღაზიების ვიზიტების ჩანაწერები IP მისამართით ინახება 72 საათი; აპლიკაციის ტექნიკური ჟურნალები ზომით შეზღუდულია და ძველი ჩანაწერები ავტომატურად იშლება.
  • სარეზერვო ასლები — სერვერზე 7 დღე, გარე საცავში — 30 დღე.
  • გადახდისა და ბუღალტრული ჩანაწერები — საქართველოს საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

ვადის გასვლის შემდეგ მონაცემებს ვშლით ან ვაანონიმურებთ ისე, რომ თქვენი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს.

08ქუქი-ფაილები

მომსახურებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები:

  • სესია (authjs.session-token) — სისტემაში შესვლის შემდეგ გიმახსოვრებთ; მოქმედებს 7 დღე;
  • უსაფრთხოება (authjs.csrf-token, authjs.callback-url, ხოლო Google-ით შესვლისას — pkce, state, nonce) — იცავს შესვლის პროცესს; იშლება ბრაუზერის დახურვისას ან 15 წუთში;
  • პრომო კოდი (sd_referral) — ინახავს შესვლამდე შეყვანილ კოდს; მოქმედებს 7 დღე და იშლება შესვლისას;
  • AI ასისტენტი (sd_chat_…) — იმახსოვრებს, რომელი საუბარია გახსნილი; მოქმედებს 30 დღე.

ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში ვინახავთ ინტერფეისის პარამეტრებს (მაგ. გვერდითი პანელის სიგანე, სიის ზომა) და რეგისტრაციამდე მთავარ გვერდზე აკრეფილ ტექსტს. მაღაზიების კალათა მყიდველის ბრაუზერში ინახება.

ჩვენს საჯარო გვერდებზე — მთავარ გვერდზე, წესებისა და ამ პოლიტიკის გვერდებზე, შესვლის, რეგისტრაციისა და დემოს მოთხოვნის გვერდებზე — ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა დავთვალოთ ვიზიტები და გავიგოთ, როგორ იყენებენ ამ გვერდებს. ის თქვენს ბრაუზერში საკუთარ ქუქი-ფაილებს ათავსებს (_ga და _ga_…; ინახება 2 წლამდე) და Google-ს გადასცემს: რომელ გვერდებს ხსნით, რომელი ვებგვერდიდან გადმოხვედით, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპს, მიახლოებით მდებარეობას და გვერდზე შესრულებულ მოქმედებებს (მაგ. გვერდის გადახვევა, ფორმის შევსების დაწყება და გაგზავნა — მაგრამ არასდროს ის, რასაც ფორმაში წერთ). Google Analytics არ მუშაობს მართვის პანელში, მაღაზიის შექმნის პროცესში და ShopDesk-ზე შექმნილ მაღაზიებში.

იმავე საჯარო გვერდებზე ვიყენებთ Meta Pixel-ს, რათა გავიგოთ, რამდენი ადამიანი მოდის ჩვენს საიტზე Facebook-სა და Instagram-ზე განთავსებული რეკლამიდან და რამდენი მათგანი ითხოვს დემოს, და ეს რეკლამა მათ ვაჩვენოთ, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესებს. ის ათავსებს ქუქი-ფაილს _fbp (ინახება 90 დღე) და Meta-ს გადასცემს: რომელ გვერდს ხსნით, რომელი ვებგვერდიდან გადმოხვედით, ბრაუზერისა და მოწყობილობის ინფორმაციას, IP მისამართს და იმას, რომ დემოს მოთხოვნა გაიგზავნა — მაგრამ არასდროს ის, რასაც ფორმაში წერთ. თუ Facebook-ში ან Instagram-ში შესული ხართ, Meta ამ ინფორმაციას შეიძლება თქვენს ანგარიშს დაუკავშიროს; ამას Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს, ხოლო რეკლამის პარამეტრების შეცვლა Meta-ს ანგარიშის „რეკლამის პრეფერენციებში“ შეგიძლიათ. Meta Pixel არ მუშაობს მართვის პანელში, მაღაზიის შექმნის პროცესში და ShopDesk-ზე შექმნილ მაღაზიებში.

გადახდის ეტაპზე იტვირთება Flitt-ის გადახდის ფორმა, რომელიც შეიძლება საკუთარ ქუქი-ფაილებს იყენებდეს.

ქუქი-ფაილების წაშლა ან დაბლოკვა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ. Google Analytics-ისა და Meta Pixel-ის ქუქი-ფაილების გარეშე ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს, თუმცა სესიის ქუქი-ფაილის გარეშე სისტემაში შესვლა ვერ მოხერხდება.

09უსაფრთხოება

  • კავშირი დაშიფრულია (HTTPS);
  • თითოეული მაღაზიის მონაცემები ცალკე მონაცემთა ბაზაში ინახება;
  • შესვლის კოდები მხოლოდ ჰეშის სახით ინახება და მოქმედებს 15 წუთი;
  • სისტემაზე ადმინისტრაციული წვდომა შეზღუდულია, ხოლო მაღაზიის მონაცემებზე წვდომა აღირიცხება;
  • ბარათის მონაცემებს მხოლოდ გადახდის პროვაიდერი ამუშავებს.

არცერთი სისტემა არ არის აბსოლუტურად დაცული. უსაფრთხოების ინციდენტის შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად — საჭიროებისას შევატყობინებთ საზედამხედველო ორგანოს და თქვენ.

10მაღაზიების მყიდველები

როცა მყიდველი ShopDesk-ზე შექმნილ მაღაზიას ათვალიერებს ან მასში ყიდულობს, მისი მონაცემების (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი, შეკვეთის შიგთავსი) დამმუშავებელია მაღაზიის მფლობელი, ხოლო ShopDesk მოქმედებს როგორც უფლებამოსილი პირი — მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ მაღაზიის მფლობელის დავალებით და მომსახურების მისაწოდებლად (იხ. წესები და პირობები).

მყიდველის მონაცემების დამუშავების წესი აღწერილია შესაბამისი მაღაზიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნით მიმართეთ მაღაზიას — ჩვენ მას პასუხის გაცემაში დავეხმარებით. თუ მაღაზიას ვერ უკავშირდებით, მოგვწერეთ ელფოსტაზე support@shopdesk.ge.

მაღაზიის გახსნისას სერვერი ტექნიკურად აღრიცხავს IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, გახსნილ გვერდს და ვებგვერდს, საიდანაც გადმოხვედით — უსაფრთხოებისა და ვიზიტების დასათვლელად. ეს ჩანაწერები ინახება 72 საათი; შემდეგ რჩება მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკა, რომლითაც ვიზიტორის იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაღაზიები ქუქი-ფაილებს არ იყენებენ, ხოლო კალათა მხოლოდ მყიდველის ბრაუზერში ინახება.

11თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, გაეცნოთ მათ და მიიღოთ მათი ასლი;
  • მოითხოვოთ არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება;
  • მოითხოვოთ დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება;
  • მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა;
  • მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები სტრუქტურირებულ, ელექტრონულ ფორმატში ან მოითხოვოთ მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
  • არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც თქვენთვის სამართლებრივი ან სხვა მნიშვნელოვანი შედეგი აქვს;
  • ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება — ეს არ ცვლის გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებას;
  • მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ან სასამართლოს.

მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე support@shopdesk.ge, სასურველია ანგარიშის ელფოსტიდან. ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში — როგორც წესი, 10 სამუშაო დღის განმავლობაში. შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის დადასტურება. ზოგიერთ შემთხვევაში კანონი მონაცემების შენახვას გვავალდებულებს — მაგალითად, ბუღალტრული ჩანაწერებისა.

12არასრულწლოვნები

მომსახურება განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის და არასრულწლოვნების მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ. თუ ფიქრობთ, რომ ანგარიში არასრულწლოვანმა შექმნა, დაგვიკავშირდით და მის მონაცემებს წავშლით.

13პოლიტიკის ცვლილება

ამ პოლიტიკას განვაახლებთ მომსახურების ან კანონმდებლობის ცვლილებისას. ახალი რედაქცია ქვეყნდება ამ გვერდზე განახლების თარიღით, ხოლო არსებით ცვლილებებს წინასწარ შეგატყობინებთ ელფოსტით ან მართვის პანელში.

14კონტაქტი

კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვებითა და მოთხოვნებით დაგვიკავშირდით:

იხილეთ ასევე: წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა · ShopDesk